logo
ENG



"საშინელი ბირთვული კატასტროფა იქნება" - ზაპოროჟიეს სადგურის ინჟინერი შესაძლო შედეგებზე

13 აგვ 202222:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/13/4gn0inivx9teda8.png

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ინჟინრის განცხადებით, თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, "საშინელი ბირთვული კატასტროფა  მოხდება".

როგორც ინჟინერმა BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, ენერგობლოკს ელექტროენერგია სჭირდება, რათა სატუმბებმა იმუშაონ და რეაქტორში ბირთვული საწვავი გააგრილონ.

ინჟინერი ამბობს, რომ თუ ოკუპანტები თავდასხმით მოქმედებებს გააგრძელებენ, ელექტროსადგური შესაძლოა ელექტრომომარაგების გარეშე დარჩეს. მისივე თქმით, "ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მინიმუმ ერთა ენერგობლოკმა მაინც უნდა იმუშაოს".

"გვჭირდება, რომ ერთმა ენერგობლოკმა მაინც იმუშაოს ნებისმიერ ენერგოსისტემაზე. პირველ რიგში, ეს მოგვცემს შანსს, ოდესმე მაინც ავამოქმედოთ სხვა ენერგობლოკები. მეორე - ეს აუცილებელია, ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. მათ ეს კარგად იციან. და რას აკეთებენ? აზიანებენ მაღალი ძაბვის ხაზებს, რომლებიც აკავშირებენ ელექტროსადგურს უკრაინის ენერგოსისტემასთან. ამასთან გვეუბნებიან: "თუ ნეონაცისტები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან დაგიზიანებენ ბოლო ხაზს, მზად ვართ დახმარება აღმოგიჩინოთ". რაში იქნება მათი დახმარება გამოხატული? მოგვცემენ გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ფედერაციის ენერგოსისტემაზე დაერთება", - თქვა ინჟინერმა, რომელსაც BBC დაუკავშირდა.

ინჟინერი ამბობს, რომ რუსებს აქვთ შემუშავებული გეგმა, თუ როგორ გაანადგურონ ბოლო ხაზი, შემდგომში კი, ფსევდო დახმარების აღმოჩენაზე ალაპარაკდებიან.

"თუ უცებ 0-ზე დავჯდებით, ანუ მოხდება ბლექაუთი, დაგვჭირდება დამატებითი ელექტროენერგია, სატუმბების ასამუშავებლად. ისინი ამას სპეციალურად აკეთებენ. შეიძლება ხვალ, შეიძლება ზეგ, ისინი დააზიანებენ ბოლო ხაზს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამას იმისთვის აკეთებენ, რათა აქაურობა დაგვატოვებინონ", - განაცხადა სპეციალისტმა.

***

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დაენაღმა.

6 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.

ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.


close დახურვა